ჩვენი სარწმუნოება

                 
                                                          ” ჩვენი სარწმუნოება”



ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია არის სხეული ქრისტესი, სულიერი ორგანიზმი, რომლის თავიც ქრისტეა. აქვს ერთი სული, ერთი სარწმუნოება და სულიწმინდით მართული მთლიანი და საერთო, კრებითი, კათოლიკე ცნობიერება. ამ ცნობიერების დასკვნები წმინდა წერილისა და წმინდა სამოციქულო გადმოცემის გარკვეულ დებულებას ეფუძნება. ქრისტიანობა ძველი დროიდან, უმთავრესი განძია ჩვენი ქვეყნისათვის.

ქრისტიანთათვის „გწამდეს ღმერთი“ ნიშნავს, აღიარებდე მას არამარტო გონებით, არამედ გულითაც ილტვოდე მისკენ. ქრისტიანული რწმენა საიდუმლო მოვლენაა ადამიანის სულის სამყაროში. იგი აზრზე ძლიერია. უფრო ვრცელია და ქმედითი:რთული და თავის თავში აერთიანებს სიყვარულს, შიშს, მოწიწების, თაყვანისცემისა და თავმდაბლობის გრძნობებს.

ქრისტეს ეკლესია დაშენებულია რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე; რწმენით ფრთა შესხმული ქრისტიანები სიხარულით იღებდნენ წამებასა და სიკვდილს. რწმენა- უწონადი ქვაა-რომელსაც შეხებით ვერ შეიგრძნობ. იგი ზე აგიტაცებს და არ განარცხებს. ...„უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ...ჰრქუა თუ მთასა ამას:„აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა!_იყოს ეგრე“.

ქრისატეს ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა წმინდანთა მიერ ყველა დროში აღსრულებული სასწაულები. მაგრამ სასწაული აღესრულება არა ზოგადად, არამედ ქრისტიანული წესით. რწმენა ქმედითია და არა წარმოსახვითი ძალის, არამედ გვაკავშირებს ყოველგვარი სიცოცხლისა და ძალის წყაროსთან-ღმერთთან. რწმენა ჭურჭელია წყლის ასავსებად, ოღონდ ის წყალში რომ ჩაუშვა, შენც იქვე უნდა იყო. ეს წყალი-ღვთიური მადლია. „რწმენა გასაღებია ღვთიური საგანძურისა“.

დიდი არს უფალი ჩვენი, დიდი არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვ“. საიდან ვიღებთ ცოდნას ღმერთის შესახებ? თვით მაცხოვარი ასე გვასწავლის ღვთის შეცნობის შესახებ:ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის, გარნა ძისან“. და დასძინა „რომ ღსაი უნდეს ძესა გამოცხადების“. საღვთო გამოცხადება ჩვენ მოგვცა წმინდა წერილითა და წმინდა გადმოცემით, რომელთა დაცვა, სწავლება და უცდომელად განმარტება ქრისტეს წმინდა ეკლესიის ვალი და კუთვნილებაა.

თვით მაცხოვარმა ასე ბრძანა:„ნეტარ იყვნენ გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.თუ გსურს ისაუბრო ან ისმინო ღმერთის შესახებ,-ღვთის მეტყველებს წმინდა ბასილ დიდი,-განუდექ საკუთარ სხეულს, ხორციელ გრძნობებს, დაუტევე მიწა, ზღვა, ჰქმენ ისე, რომ ჰაერი შენს ქვემოთ აღმოჩნდეს: განვლენ წელიწადის დროთა თანმიმდევრობა და დედამიწის მშვენიერებანი: ასცდი ეთერს, მოიხილე ვარსკვლავნი-მათი სილამაზე, სიდიადე, მათგან ბოძებული სიკეთე, კეთილწყობა, სინათლე, მდებარეობა, მოძრაობა, რაც აკავშირებთ და განაშორებთ მათ. შემდეგ დაივიწყე ეს ყოველივე, გონებით მოიარე ცა, ასცდი მას და ფიქრებით მიმოიხილე იქაური მშვენიერებანი:ანგელოზთა ზეციური მხედრობა, მთავარ ანგელოზთა მთავრობა, უფლებათა დიდება, საყდართა, ძალთა, მთავრობათა და ხელმწიფებათა პირველ მჯდომლობა. განვლე ყოველივე, ქვემოთ დატოვე ყველა ქმნილობა.

ღმერთზე საუბარს, სულის ამგვარი აღმაფრენა უნდა! მაგრამ ამ დროსაც კი ადამიანის გონებას შეუძლია შეიმეცნოს მხოლოდ საღვთო თვისებები და არა მისი არსება.

რა არის ცხონება? კაცის ცხონება, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარზე. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მოეცა პირობა ღმრთისაგან: „ამინ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთან იყო სამოთხესა“. ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.

დიდ პარასკევს, ცისკრის მსახურებისას, როცა თორმეტი ვნების სახარება იკითხება, მეხუთე სახარების შემდეგ გალობენ მეთოთხმეტე აღსავლის საგალობელს:„სიტყვა მცირე აღმოსთქუა ავაზაკმან, ჯუარსა ზედა სარწმუნოება პოვა და ესრეთ წამსა შინა სცხოვნდა, და სამოთხის ბჭენი პირველ ყოველთასა განეხუნეს და შევიდა, რომელმან მისი სინანული შეიწირე, უფალო დიდება შენდა“. ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა მოასწრო და შეინანა. ეს იყო მისი მოქცევის აქტი. -ქრისტეს მსხვერპლმა აცხოვნა ავაზაკი.დღემდე განუწყვეტლივ აღესრულა ნათლობის საიდუმლო. ამ დროს ხდება ადამიანის შობა „წყალითა და სულით“. ამას უნდა მოჰყვეს კაცის შინაგანი განახლება. განახლებული ცხოვრება ისე უნდა წარიმართოს „ამისათვის მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვნით, სრულად ესევდით მოწევნულსა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა“.

ცოდვამ დააკნინა და გადააგვარა კაცის ბუნება, მაგრამ ცოდვით დაბნელებულ ადამიანს მაინც რჩება ხატება ღმრთისა. განხორციელებულმა მაცხოვარმა „თავი თვისა დაიმდაბლა და ხატი მონისა მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“. ჩვენნაირი კი იმიტომ გახდა, რომ “ამის მიერ ვიქმნნეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა“.

ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმინდის მიერ განახლებული ცხოვრება. იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სჯულისა-ეკლესიისა. გულის გაწმენდა ვნებისაგან უნდა იყოს აზრი ამ ცხოვრებისა რომ შევძლოთ, სულიწმინდის ძალით, ხილვა ღმერთისა.

წმინდა თეოფანე წერს:„ჩვენი ცხონება დამოკიდებულია მამა ღმრთის კეთილ ნებაზე, ძე ღმრთის დამსახურებასა და სული წმინდის მადლზე“. ამიტომაა, მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების თითქმის ყველა ლოცვა სამებისა:„მამისა, ძისა და სული წმინდის განდიდებით რომ მთავრდება ქრისტიანეს ღვაწლი, ადვილი არასოდეს ყოფილა. ქრისტიანული ცხოვრების მიდევნება კაცს დიდ ძალას ანიჭებს, ამას ემატება იმის შეგნება და ცოდნა, რომ მას გარს აკრავს „სიმრავლე მოწამეთა“.-ადამიანები, რომელთაც გაიარეს ბრძოლები და ახლა იმათი დახმარებაც კი შეუძლიათ, ვინაც მათ კვალში ჩადგა. ურიცხვი მოღვაწის სულიერი ცხოვრების გამოცდილება დაიწერა და ჩამოიქნა მამათა თხზულებაში. სწორედ იქიდან უნდა ვნახოთ გაჭირვების ჟამს სიბრძნე. განსაკუთრებულ დღეს:ახლა ძნელად თუ იპოვის კაცი მოძღვარს, ცოცხალ მაგალითს.

მამები კი ასე გვასწავლიან:„ვინაც დაიმდაბლთა თავი, უფალი მისას შეისმენს და ჯვარცმულის წინაშე იგი პირნათლად წარსდგება“, რადგან თავად ჯვარცმულმა მაცხოვარმაც „დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა მორჩილი ვიდრე სიკვდიმდე და სიკვდილთა მის ჯუარისაითა“.

No comments:

Post a Comment