წმინდანად შერაცხული მეფეები



                                           ”დავით IV აღმაშენებელი”

დავით IV გამეფების ჟამს საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა იყო შექმნილი. სამეფო ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. კახეთ-ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას იჩემებდა, თბილისი მაჰმადიან ამირას ეპყრა, ქართლი და სამხრეთ საქართველო კი თურქ-სელჩუკთაგან იყო მრავალგზის აოხრებული და გაპარტახებული. მოსახლეობა იძულებით ტოვებდა თავის საცხოვრებელ ადგილებს და მთაში იხიზნებოდა ან ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს.

დავითმა აზნაურთაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და ანადგურებდნენ მათ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გვაუწყებს:„საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა საძულელი და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა“.

დავით აღმაშენებელმა შესანიშნავად იცოდა, რომ თურქ-სელჩუკთა განდევნა და ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელი იქნებოდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებასა და ურჩი დიდებულების დასჯის გარეშე. სამეფოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდებულთა შორის კვლავ გამოირჩეოდა ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი ლიპაროტ V. მემატიანე გვაუწყებს:„ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა“. დავითმა დაატყვევა კლდეკარის ერისთავი. ლიპარიტმა მოინანია დანაშაული და მეფემაც გაათავისუფლა იგი. მეფე მალე დარწმუნდა, რომ ლიპარიტი ისევე არ გამოსწორდებოდა როგორც „კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“. დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორ წლიანი პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა, კლდეკარი კი თავის ერთგულ მოხელეს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის ციხის პატრონი ძაგანა დასაჯა ურჩობისათვის. დიდებულებმა დაინახეს, რომ გიორგი II-გან განსხვავებით, დავით IV არ მოითმენდა ორგულობას.

თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც. XI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოეყო რუმის სასულთნო. მალიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ დაშლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. უმთავრესი მაინც ის იყო, რომ თურქ-სელჩუკთა ყურადღება ჯვაროსნების წინააღმდეგ იქმნა გადატანილი.

1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს აღმოსავლეთისაკენ გაეთავისუფლებინათ ურჯულოთაგან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი. ამ დროს ევროპაში საკმაოდ დიდი სამხედრო პოტენციელი არსებობდა, ძალზე გაზრდილიყო რაინდთა რიცხვი.

1096 წელს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან რაინდები აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ. დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მსოფლიოს ისტორიაში-ჯვაროსნული ლაშქრობები. ცხადია, მათ სელჩუკებთან ბრძოლა არ შეეძლოთ და პირველსავე შეტაკებაში სასტიკი მარცხი იწვნიეს. ბიზანტიის იმპერატორი ამ დროს ალექსი I კომნენოსი იყო. მან მოახერხა დროებით შეეჩერებინა იმპერიის დაცემა. უზარმაზარი სამხედრო ძალის (დაახლოებით 100000-მდე რაინდი) თავმოყრა კონსტანტინე პოლში სახიფათო იყო და ბიზანტიელებმა რაინდები სასწრაფოდ გადაიყვანეს მცირე აზიაში. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დიდი წარმატებით დასრულდა. ჯვაროსნებმა 1098 წელს აიღეს ანტიოქია, 1099 წელს კი სასტიკი ბრძოლის შემდეგ გაათავისუფლეს იერუსალიმი.

დავით IV-მ ისარგებლა იმით, რომ თურქსელჩუკებს მთელი ყურადღება ჯვაროსნებისკენ ჰქონდათ გადატანილი და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა მათ.

საერთაშორისო ვითარების შეცვლა საქართველოს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. საჭირო იყო საკუთარი ძალისხმევა.

თურქ-სელჩუკთა შემოსევებისა და სამეფო ხელისუფლების დასუსტების შედეგად თითქმის მთლიანად მოშლილი იყო სახელმწიფო მმართველობის სისტემა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საეკლესიო რეფორმა სასულიერო პირთაგან ნაწილი უღირსი იყო, ნაწილი მეფის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს. საეკლესიო რეფორმის გატარება ჯერ კიდევ ბაგრატ IV-მ სცადა XI საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი. მაშინ მეფის განზრახვა ვერ განხორციელდა, რადგან შესაბამისი პოლიტიკური ვითარება არ არსებობდა. დავით IV-მ გადაწყვიტა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში და 1104 წელს „ამისთვის შემოკრიბა კრებაი ღმრთის-მოყვარეთა ეპისკოპოსთა, პატიოსანთა მღვდელთა და ღირსთა დიაკონთაი, ქრისტეს მოყვარულთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთაი, სანახებთა ქართლისათა მახლობელთა ორთა საეპისკოპოსოთა რუისსა და ურბნისსა... და პირველად ეპისკოპოსნი ვინმე ვერ-ღირსებით შემუსრულნი პატივსა მღვდელთ-მთავრობისასა და უღირსნი ქრისტეს, პირველსა მის მწყემსთ-მთავრისანი, განვკუეთენით და უცხო-ვყვენით მღვდელობისაგან“.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრებიდან მცირეოდენი ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მან შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ახალი თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი იყო მეფის კანცელარიის უფროსი, ჭყონდიდელი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელს შეეძლო ჩარეულიყო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეებში. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შესახებ ნათქვამია:„ვითა მამა არს მეფისა აგრე ყველა საურავი უმისოდ არ იქნების“. პირველ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად მეფემ დანიშნა თავისი აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებით იყო:„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა აღზრდილი პატრონისა, და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნასა, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს სცოდნოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და გარეთ. დავითმა თავიდანვე დაიწყო სამხედრო რეფორმის განხორციელება. მან შექმნა მეფის პირადი გვარდია-მონასპა. დავითის დროს ქართული ლაშქარი სამ ნაწილად იყოფოდა. ეს იყო მონასპა, ქალაქებსა და ციხეებში მდგომი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. სამხედრო რეფორმა დამთავრდა 1118 წელს, როდესაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოასახლა.


ყივჩაყები თურქული წარმოშობის ხალხი იყო. X საუკუნის შუა ხანებში ისინი დაიძრნენ დასავლეთისაკენ და დაიკავეს უზარმაზარი ტერიტორია მდინარე დუნაიმდე, თუმცა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ვერ მოახერხეს. ყივჩაყების საქართველოში გადმოსახლებას ის აბრკოლებდა, რომ მათ ბრძოლა ჰქონდათ ოსებთან. დავითი გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოსები ყმადნაფიცობის პირობით დაიმორჩილა. დავით აღმაშენებლის დროს კიდევ უფრო ძლიერდება საქართველოს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე. იქ ვრცელდება ქართული დამწერლობა, ქართული ენა, კულტურა, ქრისტიანობა. ყოველივე ეს კი, კიდევ უფრო აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს საქართველოსთან. დავითმა მშვიდობიანად გადმოიყვანა ყივჩაყები. ოსეთში მეფეს თან ახლდა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც სწორედ იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. ყივჩაყთა 40000 ოჯახის გადმოსახლებით, რომლებიც მეფეს თითო ოჯახზე თითო მეომარს აძლევდნენ, მეფე რამდენიმე საკითხს წყვეტდა ერთდროულად:იზრდებოდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, ყივჩაყთა სამხედრო პოტენციალი, ყივჩაღთა ჯარის გამოყენება შეიძლებოდა როგორც საგარეწო მტრის, ასევე ცალკეული ურჩი ფეოდალების წინააღმდეგაც.

1104 წელს მეფის მომხრე კახელმა დიდებულებმა შეიპყრეს კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ მეფე კახეთ-ჰერეთში გადავიდა და ეს მხარე შემოიერთა. 1104 წელს დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ერწუხთან ბრძოლაში.

1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ციხეებიც. 1115 წელს განთავისუფლდა რუსთავი. 1117 წელს დავით IV-მ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში დაიკავა. 1118 წელს მეფემ სელჩუკებს წაართვა ლორე. ყველასათვის ცხადი იყო, რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერი. სავარაუდოა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ მოხდა საიდუმლო შეხვედრა დავით აღმაშენებელსა და იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს (1119-1131) შორის. „ესე ბალდვიონ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა“-წერს იოანე ბატონიშვილი.

სულთან მაჰმუდ მოჰამედის ძის ბრძანებით შეიკრიბა უზარმაზარი, 300-ათასიანი, ლაშქარი, რომელიც ილ-ღაზის მეთაურობით დაიძრა საქართველოსკენ. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალას დავით აღმაშენებელმა დაუპირისპირა 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ალანი (ოსი) და 100 ჯვაროსანი. ბრძოლა გაიმართა დიდგორში. ანტიოქიის კანცლერის ბრძოლა გაიმართა დიდგორში. ანტიოქიის კანცლერის გოტიეს მიხედვით, მეფემ ბრძოლის წინ შემდეგი სიტყვებით მიმართა ჯარს:„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რამეს გირჩევთ, რაც ჩვენ პატიოსნებისათვის და სარგებლობისათვის კარგი იქნება, ესაა, რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხელთა ხშირ ხორგებით შევკრათ, და მტკიცე გულით მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მისატანად, სასტიკად შეუტიოთ“.

1121 წელს 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიტანეს.

დიდგორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაწყდა თბილისის ბედიც. 1122 წელს დავითმა თბილისი გაათავისუფლა. თბილისის აღების შემდეგ მეფემ დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა, წესრიგი და სიმშვიდე აღადგინა ქალაქში. დავით აღმაშენებელმა მფარველობა აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებს, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. მუსლიმებს დავითმა დაუწერა ყველაზე დაბალი გადასახადი-სამი დინარი, ებრაელები იხდიდნენ ოთხ დინარს, ხოლო ქართველები ხუთ დინარს.

1123 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი. 1123 წელს შარვანში შეიჭრა სულთანი მაჰმუდი და დავითს შემოუთვალა:„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვეროდეს გამოხვალ ველთა... თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამოგზავნე. და თუ გინდა, სამალავთათ გამოვედ და მნახე“. მეფე სასწრაფოდ დაიძრა მტრის წინააღმდეგ 50-ათასიანი მხედრობით. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს:„ეუწყა რა სულტანსა ზედამისვლა და ძალი და სიმრავლე სპათა მისთა, და განკრთა, აიყარა ველთა, სადა დგა“ და უკან დაიხია.

1124 წელს დავითმა დაიკავა შარვანი. იმავ წელს მეფეს დახმარებისათვის მიმართეს ანისელებმა და ქალაქის განთავისუფლება სთხოვეს. ანისი 60-ი წლის განმავლობაში, მუსლიმთა ხელში იყო. 1124 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიები საქართველოს შემოუერთა.

საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 24 იანვარს. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა-„ნიკოფსიითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთითგან...არეგაწადმდე“. მეფე დაკრძალეს გელათის მონასტერში. საქართველოს ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (8 თებერვალი) დააწესა.


No comments:

Post a Comment