ქრისტიანობა

   ქრისტიანობა მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომლის მიმდევართა საერთო რაოდენობა კარგა ხანია მილიარდს აჭარბებს. იესო ქრისტე უნდა ჩაითვალოს ყველა დროის უდიდეს მოღვაწედ. მან ისეთი გარდატეხა მოახდინა სამყაროში, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ ახსოვს. ქრისტე შეუდარებელია როგორც პიროვნება და როგორც მოაზროვნე. შეიძლება, რომ მას ისტორიის ჭეშმარიტი სასწაული ეწოდოს.

   თავისი არსებობის პირველი დღეებიდანვე ქრისტიანობას უამრავი მტერი გამოუჩნდა. ისინი არ ყოფილან არც უვიცნი და არც გაუნათლებელნი. ამ ჯურის მოაზროვნენი მთელ თავიანთ განათლებასა და ენერგიას ახმარდნენ ქრისტიანული იდეების გაცამტვერებას, მაგრამ მათ ვერ შეარყიეს ამ უდიდესი მოძღვრების საფუძვლები. დღეს განათლებული კაცობრიობის რჩეული ნაწილი, რომელსაც ისტორიის სადავეები უპყრია ხელთ, ქრისტიანულ მორალს აღიარებს და მის უწმინდეს წიგნზე ხელის დადებით ადასტურებს სამყაროს უკეთესი მერმისისათვის თავდადების ფიცს.ქრისტიანული რელიგიის წარმოშობისა და განვითარების შესახებ არსებობს ორი სახის წყარო – ქრისტიანული და არაქრისტიანული, რომელშიც შედის ანტიკური ხანის მწერლების ცნობები პირველქრისტიანული თემების შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რომის სახელმწიფოს დამოკიდებულების საკითხი და მეორე მხრივ, პირდაპირი და მწვავე კრიტიკა ახალი რელიგიური მიმდინარეობისა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევიან: ლუკიანე, ცელსუსი, ცეცილიუსი, პორფიროსი, იულიანე, ჰიეროკლესი და სხვანი. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის – ცელსუსისა და ქრისტიანობის აპოლოგეტის – ორიგენეს ნაშრომები, უფრო სწორად, ორიგენეს ნაშრომი, რომელშიც გაცამტვერებულია ცელსუსის ყველა შეხედულება ქრისტიანობის კრიტიკის შესახებ. ჩვენამდე ცელსუსის ნაწარმოებს არ მოუღწევია, მაგრამ ორიგენე, რომელსაც ხელთ უნდა ჰქონოდა ცელსუსის შრომა, პუნქტობრივად სცემს პასუხს ცელსუსის ბრალდებას, საიდანაც ვიგებთ როგორც ცელსუსის, ასევე ორიგენეს ნაშრომების ხასიათს.
  არაქრისტიანულ ლიტერატურას განეკუთვნება აგრეთვე ცნობილი ავტორების: ტაციტუსის, იოსებ ფლავიუსის, პლინიუს უმცროსისა და სხვათა ნაშრომები.
ქრისტიანული წყაროებიდან უპირველესი ადგილი უჭირავს ახალი აღთქმის წიგნებს, ანუ სახარებას, სადაც მოთხრობილია იესოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მომენტები. სახარება მოიცავს ოთხ წიგნს და თითოეული სახელდება მისი ავტორის სახელით, ესენია: სახარება მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. ქრისტიანული დოგმატიკის მიხედვით, სახარება დაწერილია სულიწმიდის ჩაგონებით, მოციქულთა და მათი მოწაფეების მიერ, ამიტომაც მიჩნეულია, რომ ის, რაც სახარებაშია მოთხრობილი, არის ჭეშმარიტი.
   მათე და იოანე უნდა ყოფილიყვნენ ქრისტეს მოწაფეები და, ბუნებრივია, მისი თანამედროვენიც, ხოლო მარკოზი და ლუკა მოგვიანებით უნდა შესდგომოდნენ მესიის ცხოვრების აღწერას.
სახარება, ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ოთხთავი, არის კანონიკური წიგნი და სავალდებულო სახელმძღვანელო ქრისტეს გზაზე შემდგარი ყველა მორწმუნისთვის.
ქრისტიანული რელიგიის ჩამოყალიბება დაიწყო რომის იმპერიაში და მისი აღმავლობა პირდაპირ დაუკავშირდა ამ უზარმაზარი იმპერიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს.რომის იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო ევფრატიდან ატლანტის ოკეანემდე, კალედონიის მთებიდან საჰარამდე, წარმოადგენდა მთელ სამყაროს და ყველა კულტურული მოვლენა მის საზღვრებში ხდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი მოქალაქე მსოფლიო მოქალაქედ იქცა. ნაციონალური ღმერთის თაყვანისცემა ცუდ ტონად ითვლებოდა. თავად რომაელთა დამოკიდებულება სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ ერთობ ინდიფერენტული იყო. თითქოს მოთხოვნილებაც გაჩნდა ისეთი ღმერთისა, რომელიც ადამიანს ნაციონალობისა და ეთნიკური წარმომავლობის გარეშე დააყენებდა. ასეთი იყო ქრისტე, რომლის მოვლინებას მაშინდელი მსოფლიოს წიაღში უკვე ჰქონდა ნიადაგი მომზადებული.

როგორც ცნობილია, რომის იმპერიაში სახელმწიფო ენად ითვლებოდა ლათინური, არამცირედი როლი ეჭირა ბერძნულსაც. ფაქტობრივად, ამ ორი ენის გაბატონებულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. იმდროინდელ ქალაქებს: რომს, კართაგენს, ალექსანდრიას, ანტიოქიას, ეფესოს, კორინთოსა და მილანს, ფაქტობრივად არ ჰქონდათ მკვეთრად გამოხატული ნაციონალური სახე. აქ ერთად ცხოვრობდნენ იტალიელები, ბერძნები, ებრაელები, მცირე აზიიდან გამოსული ხალხები, რაც განაპირობებდა ნაციონალური ღმერთებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.
ახალი აღთქმის მეცნიერ-მკვლევართა ვარაუდით, მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ. 7 ან 6 წელს. მისი ამქვეყნად მოვლინება ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებშიც იყო გაცხადებული და როგორც მხსნელს, მას უკვე ელოდა ისრაელის ერიც.

ქრისტე ბერძნულად ნიშნავს “ცხებულს”, თავის მხრივ, იგი სათავეს იღებს ებრაული გამოთქმიდან – “ღმერთის ცხებული”. ამ გამოთქმას ხშირად ხმარობდნენ ებრაელები თავიანთი მეფისადმი, რითაც ხაზს უსვამდნენ მის უმაღლეს დანიშნულებას. მოგვიანებით, დაახლოებით ძვ.წ. II საუკუნის მწერლებთან იგი მოასწავებს აღთქმულ მხსნელს, ნაციონალურ ბელადს, რომელიც იხსნიდა მათ რომაელთა ბატონობისაგან.

No comments:

Post a Comment